2013-09-23

საერთაშორისო საშემოდგომო სკოლა და კონფერენცია თეორიულ ფიზიკაში

23 სექტემბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პირველი საერთაშორისო საშემოდგომო სკოლა და კონფერენცია  თეორიულ ფიზიკაში. ღონისძიებას თეორიული ფიზიკის რეგიონულ საგანმანათლებლო ქსელში (Regional Training Network in Theoretical Physics) გაერთიანებული უნივერსიტეტები - თსუ, ბონის უნივერსიტეტი და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ატარებს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები; მოხსენებები გაკეთდება ელემენტარული ნაწილაკების  ფენომენოლოგიაში. სკოლაზე დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის ლექციებს ნაწილაკთა ფენომენოლოგიაში წაიკითხავენ ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები.

ღონისძიების თანადამფინანსებლები არიან ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ბონისა და ერევნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 14 მარტს გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს შორის სამმხრივი თანამშრომლობა იგეგმება, რაც თეორიულ ფიზიკაში  ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს. ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოისმინონ თეორიულ ფიზიკაში ცნობილი პროფესორების სალექციო კურსები, ჩაერთონ გერმანულ უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში.

მემორანდუმის ფარგლებში თსუ სტუდენტები იმყოფებიან იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრში და გადიან მოსამზადერბელ ეტაპს აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სიგენის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერთება მემორანდუმთან.  რომლის თანახმადაც სიგენის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან ერთობლივ სადოქტორო პროგრამებში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: http://conferences.hepi.edu.ge/VW_ASW-2013/


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი