2018-05-31

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შპს „გეოპლანტს“ შორის

31 მაისს 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „გეოპლანტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.  მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და შპს „გეოპლანტის“  დირექტორი მიხეილ ჭკუასელი მოაწერენ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების თანამშრომლობის მიზანია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის და სამუზეუმო ღირებულების ნივთების მოძიება-შენახვა, ქვეყნის ეროვნული საგანძურის შევსება, გამრავალფეროვნება და მომავალი თაობებისთვის გაცნობა. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს „გეოპლანტი“, ითანამშრომლებენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებისა და შესაბამისი თარგმანების, რეპროდუქციების მოძიების კუთხით.

შპს „გეოპლანტი,“ თავის მხრივ, მზაობას გამოხატავს ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან დასახული მიზნების მისაღწევად და  კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის რეალიზაციიდან შემოსული თანხიდან ნაწილი გადარიცხოს „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ საბანკო ანგარიშზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია





« იხ. ყველა ანონსი