2016-07-17

საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

17 ივლისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რიგით მე-6 სტუდენტური კონფერენცია თემაზე „საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო მართლმსაჯულების მსოფლიო დღეს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოსაწერად 1998 წლის 17 ივლისს რომში გაიხსნა. დღეს მასში მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვმა 120 გადააჭარბა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს კონფერენცია საქართველოში საერთაშორისო სამართლის კვირეულს დახურავს.

2016 წლის კონფერენციაზე წარსადგენად სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
•ძალის გამოყენება და მასთან ბრძოლის არაძალადობრივი მექანიზმები;
•საერთაშორისო სისხლის სასამართლო და გაეროს უშიშროების საბჭოს ურთიერთმიმართება;
•აგრესიის დანაშაული და მასზე რეაგირების შესაძლო მექანიზმების ეფექტიანობა;
•პასუხისმგებლობის პრინციპები საერთაშორისო სისხლის სამართალში;
•გამოწვევები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაში.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება საერთაშორისო სამართლის ორენოვან ჟურნალში.

კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.

კონფერენციაზე დასწრებისა და გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი თემების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებისთვის დაგვიკავშირდით: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, 107-ე ( ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი