2015-04-07

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქპატენტს შორის

7 აპრილს, 11.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (საქპატენტი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე მოაწერენ.

მემორანდუმის მიზანია,  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ეფექტური მართვის, ინოვაციური საქმიანობის წახალისებისა  და განვითარებისათვის მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. მიზნებიდან გამომდინარე მხარეები ითვალისწინებენ ტექნოლოგიებისა  და ინოვაციიების  უდიდეს  გავლენას  ქვეყნების  კონკურენტუნარიანობის ზრდასა და განვითარებაზე,  უნივერსიტეტების  მზარდ როლს  ახალი ტექნოლოგიების შექმნაში, დანერგვასა და ინოვაციური Start-Up კომპანიების შექმნაში.

მხარეები თანხმდებიან  მოამზადონ და სამოქმედოდ მიიღონ სამართლებრივი ბაზა უნივერსიტეტებში გამომგონებლობითი საქმიანობის წახალისებისა და მისი შედეგების კომერციალიზაციის  ხელშეწყობის მიზნით; გაუწიონ დახმარება უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულებს და ლაბორატორიებს საპატენტო-საინფორმაციო კვლევების ჩატარებასა და ამ კვლევების მეთოდიკების ათვისებაში; საჭიროების შემთხვევაში მოამზადონ წინადადებები უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში/პროგრამებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის არჩევითი სასწავლო კურსის  გათვალისწინების თაობაზე;

თსუ და საქპატენტი ვალდებულებას იღებენ მოაწყონ ერთობლივი სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები ინოვაციური განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრობლემატიკასთან დაკავშირებით; შეიმუშაონ და განხორციელონ ღონისძიებები უნივერსიტეტში ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის შექმნის თაობაზე; უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისაგან შეარჩიონ  ათკაციანი ჯგუფი მაღალპროფესიონალი საპატენტო ექსპერტების მომზადების მიზნით; განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო და სხვა სახის პუბლიკაციების გამოცემა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი