2010-11-19

კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პროექტის პრეზენტაცია თსუ–ში

19 ნოემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი გულისხმობს საჯარო ლექციებისა და გუნდური შეჯიბრებების ციკლს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩატარდება კონფერენცია თემაზე: „კომპიუტერული დანაშაული, კიბერუსაფრთხოება“. პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე ზრუნვისათვის ერთობლივი პოლიტიკის შემუშავებას. 

XXI საუკუნეში ინფო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების მოღვაწეობის  ყველა სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, ინფო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ და გავრცელებამ შეიძლება არასასურველი გავლენა მოახდინოს მოქალაქის პირადი ცხოვრების დაცულობაზე, ბიზნესის კონფიდენციალურობასა და მდგრადობაზე. კიბერსივრცის ბოროტად გამოყენებით შესაძლოა სახელმწიფოს განზრახ შეუქმნან სირთულეები ფუნქციების შესრულებაში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც ინფორმაციული ომის წარმოებისას მოწინააღმდეგემ  სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევები განახორციელა. 


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, სისხლის სამართლის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი