2019-04-14

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა თსუ-ში

14 აპრილს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა: „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იაკობ გოგებაშვილის წერილები. მიმოწერა ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და “დედაენის” გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით, აჭარასა და სამეგრელოში;  ენობრივი, რელიგიური და ეთნიკური საკითხებს აფხაზეთში, ახალციხის რეგიონში, ოსმალოს საქართველოში (დღევანდელი აჭარა და თურქეთის ნაწილი), მიმოწერა  აკაკი წერეთელთან, ნოე ჟორდანიასთან, გრიგოლ  ვოლსკისთან, ისიდორე რამიშვილთან, მიხეილ თამარაშვილთან და სხვა. ასევე, დახმარების თხოვნისა თუ სამადლობელი წერილები საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოსაგან, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან და სხვა.
15.00 საათზე, დაჯილდოვდებიან  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებელი.  
15.30 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თსუ-ს მიერ არაქართულენოვანი სკოლების IX კლასის მოსწავლეთათვის გამოცხადებული ერთობლივი კონკურსის: „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. 
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაცია. კვირეული დაიხურება თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი (გვიანი შუა საუკუნეები). მნახველთა განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს 1978 წელს მისაღები, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები. მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი.

« იხ. ყველა ანონსი