2015-06-30

„ვკვდები როგორც ქვეყანა"- თარგმანის პრეზენტაცია

30 ივნისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს თანამედროვე ბერძენი კლასიკოსი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის საკულტო რომანის - "ვკვდები როგორც ქვეყანა" ქართულ თარგმანს. წიგნი გამოსცა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამამ "ლოგოსი",  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით. დიმიტრიადისის რომანი ქართულ ენაზე თარგმნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თათია მთვარელიძემ.

ღონისძიება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება.

დიმიტრიადისის „ვკვდები როგორც ქვეყანა" ბოლო 30 წლის განმავლობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც საბერძნეთში, ისე მთელ ევროპაში. ნაწარმოები და მისი თარგმანები უკვე ორი ათეული წელია, გაყიდვებისა და პოპულარობის თვალსაზრისით, ლიდერობს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ნიმუშებს შორის. ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები კი, ასევე უდიდესი წარმატებით, იდგმება მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენებზე.

წარმოდგენილი თარგმანი ტექსტის პირველი ქართული თარგმანია, რაც ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს, რომელიც საყოველთაო ისტორიული და კულტურულ-იდეოლოგიური პრობლემატიკის შიშვლად წარმოჩენის გამო, ზედმიწევნით შეესაბამება და ასახავს ბოლო ათწლეულების ქართულ რეალობასაც.

აღნიშნული თარგმანის მიხედვით  ცნობილი ბერძენი რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი ქართულ ენაზე დადგამს სპექტაკლს "ვკვდები როგორც ქვეყანა". სპექტაკლმა დიდი წარმატება და გამოხმაურება ჰპოვა მთელ ევროპაში და დღემდე რეჟისორის საუკეთესო ქმნილებად ითვლება.

დიმიტრის დიმიტრიადისის "ვკვდები როგორც ქვეყანა” მოგვითხრობს ამბავს ეპოქისა, რომელსაც "საშოს შუა საუკუნეები” ეწოდა. ესაა ეპოქა მრავალწლიანი ომებისა, როდესაც საომარ აგონიაში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცები შიშსა და სასოწარკვეთას მისცემიან, როდესაც ხალხს ერთადერთ ხსნად მტრის ჯარის შემოსვლაღა ესახება, როდესაც ეკლესიის ერთადერთ მიზანს აქამდე არსებულთა საპირისპირო, პერვერსიული ღირებულებების დამკვიდრება წარმოადგენს, როდესაც კრიმინალს ოფიციალურად იცავს კანონი, როდესაც კაცს დაუკარგავს ძირითადი – გამრავლების ფუნქცია და შესაბამისად, ქალები წლების განმავლობაში ვეღარ შობენ ბავშვებს. ესაა ამბავი ერის სიკვდილისა, არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერი სიკვდილისა. დამარცხებული ქვეყნის მოსახლეობის შეგნებაში ყველა ადამიანური ღირებულების სიკვდილი და თავად ადამიანის ღირებულების სიკვდილი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკვდილი, თუნდაც იყოს ეს ქვეყნის მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკიდან გაქრობა. ამ საყოველთაო და ქაოტურ სიკვდილში კი ერთეული, მომაკვდავი ადამიანების ხმა არავის ესმის, თუმცაღა მას სიტყვა-სიტყვით თანხვდება ქალად ქცეული ქვეყნის გოდება, ქვეყნისა, რომელსაც აღარ ძალუძს დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს, ქვეყნისა რომლის სული და სხეული თანადროულ სიკვდილს მოუცავს. – ესაა მოკლე მონახაზი დიმიტრიადისის რომანისა "ვკვდები როგორც ქვეყანა”, რომელიც  პირველად 1979 წელს გამოქვეყნდა, ანუ მაშინ, როდესაც თანამედროვე ბერძნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სულ ახალი დაწყებული იყო და დიქტატორულ რეჟიმს თავდაღწეული ერის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში იდგა. ნაწარმოების  ლიტერატურული ღირებულების მაჩვენებლია ისიც, რომ რომანი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო წაკითხვად და პოპულარულ თანამედროვე ბერძნულ ტექსტად წარმოგვიდგება, მის საფუძველზე შექმნილი სპექტაკლები კი ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი წარმატებთა და გამოხმაურებით იდგმება სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ თეატრალურ სცენებზე.

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 164,  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი


« იხ. ყველა ანონსი