2019-09-12

საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები 2019“

12 სექტემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები 2019“. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრებიან. 
თემაზე „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“   კონფერენცია 2015 და 2017 წლებშიც ჩატარდა. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება რასმუს რასკსა და შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას.

200 წლის წინ, როცა უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ცნობილი ნაშრომი ისლანდიური ენის შესახებ,  რასმუს რასკი სამოგზაუროდ აღმოსავლეთში გაეშურა. მან პეტერბურგიდან დაიწყო, იქიდან კი თბილისში გადმოვიდა. თბილისის შემდეგ მოიარა ირანი, ინდოეთი და ცეილონი. ამ მოგზაურობის დროს შექმნილმა ნაშრომებმა მტკიცე საფუძველი შეუქმნა ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებას. საილუსტრაციოდ კმარა რამდენიმე სტატიის დასახელება: „ნორვეგიის, ისლანდიის, შვედეთისა და ფინეთის ენებისა და ლიტერატურის შესახებ“, მისი შრომები ზენდური ენისა და ინდოეთის ენებში ევროპულის მსგავსი ბგერების გადმოცემის თაობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი კონფერენცია ეძღვნება რასმუს რასკსა და შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი,  დანიის  მეცნიერებათა სამეფო აკადემია, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო  უნივერსიტეტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი