2014-07-05

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

5 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-აისეტი) კურსდამთავრებულთა  გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

აისეტში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდებას 37 სტუდენტი მიიღებს. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით დაჯილდოვდებიან, სპეციალურ სერტიფიკატებს საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები  მიიღებენ. ფინანსთა მინისტრი საუკეთესო მაგისტრანტს პირადად გადასცემს Valedictorian-ის (ვალედიქტორიანის) სერტიფიკატს. 

ISET-ის 2014 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადაეცემა, ხოლო საუკეთესო მოსწრების რამდენიმე სტუდენტს განსაკუთრებული საჩუქრებით დააჯილდოვებენ საქართველოს ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა ნიუ იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და  დასავლეთის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად, კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან. ISET-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების  100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი