2014-11-14

"სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართება.  ფონდის დამფუძნებელია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების და სტუდენტების ჯგუფი, რომელთა შორისაა ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.

პრეზენტაციას დაესწრებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქალაქ თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ფონდის დამფუძნებლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები.

ფონდის მიზანია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სოციალური გარემოს ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს  განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით. ფონდში გაწევრიანება შეუძლია  ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს დაეხმაროს სოციალურად დაუცველ წარმატებულ სტუდენტებს.

ფონდი შეეცდება ფიზიკური პირების, პირთა ჯგუფების, ბიზნეს ორგანიზაციების, საგანმანათლებლო  დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების, ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მობილიზებას, რათა მოხდეს ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის კონკრეტული ჰუმანიტარული ან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი,  107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი