2010-02-06

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 92 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 92 წლის იუბილეს აღნიშნავს


   2010 წლის 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 92-ე იუბილე აღინიშნება.
  ამ დღესთან დაკავშირებით 8 თებერვალს 12:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში აღევლინება პარაკლისი. ამის შემდეგ თსუ-ს II კორპუსში გაიმართება გამოფენა: "უნივერსიტეტი გუშინ, დღეს, ხვალ",  ასევე გამოიფინება თსუ-ს ბიბლიოოთეკასა და მუზეუმში დაცული უძველესი ხელნაწერები და რელიქვიები. 14:00 საათზე გაიმართება თსუ-ს პროფესორ-ემერიტუსების დაჯილდოების ცერემონიალი.
  საზეიმო ღონისძიებებზე მოწვეული არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.
  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონშიც პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო.
 უნივერსიტეტის დაფუძნებაში განსაკუთრებულია ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის როლი. მისი წარდგინებით უნივერსიტეტის პირველ რექტორად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი. გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აღავლინა.
  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ გველესიანი, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და სხვები.

« იხ. ყველა ანონსი