2016-12-22

შემოდგომის ლეგენდა 2016 - დაჯილდოების საღამო

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2016" დაჯილდოების საღამო გაიმართება.

იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილედან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცემათ.

საღამოზე გამოვლინდება ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულიც, რომელსაც კომპანია ჯეოსელი დაასაჩუქრებს.

დაჯილდოების საღამოზე 2016-2015 წლის ერთობლივი კრებულის პრეზენტაციაც გაიმართება. კრებული დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქარად გადაეცემა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს აიღო და ერთი თვის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 400-მდე კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა. კახეთში, ყვარლის ედემში კონკურსანტებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე - „ახალი კორპუსი“, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო სივრცე, III სართული
« იხ. ყველა ანონსი