2014-02-12

სტუდენტური ფოტოკონკურსი „UNIკადრი“

12 თებერვალს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფოტოკონკურსის „UNIკადრი 2014“ გამოფენა და დაჯილდოების საღამო  გაიმართება.

ღონისძიებაზე კონკურსის ჟიურის მიერ შერჩული 25 საუკეთესო ფოტო გამოიფინება. გამოვლინდება კონკურსის სამი გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში, თითოეული მათგანი საპრიზო ფონდიდან 200 ლარს მიიღებს. ფულადი პრიზები უნივერსიტეტელის საუკეთესო პორტრეტის, შენობის ფასადისა და დეტალის ფოტოს, ასევე სტუდენტური ცხოვრებისა და სასწავლო პროცესის ამსახველი საუკეთესო კადრის ავტორებზე განაწილდება.

კონკურსის მიზანია სტუდენტების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და წახალისება, ასევე უნივერსიტეტის შესახებ გადაღებული საუკეთესო ფოტოების შეგროვება.

ფოტოკონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. სამ სხვადასხვა ნომინაციაში შემოსული 200-მდე ფოტოდან ჟიურის წევრებმა: ფოტოგრაფებმა ანა გოგუაძემ, მინდია მიდელაშვილმა და გურამ წიბახაშვილმა საუკეთესო 25 შეარჩიეს, რომელთა გამოფენა უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში  რამდენიმე დღე გასტანს.

მისამართი:  ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, I სართული, ცენტრალური ფოიე

« იხ. ყველა ანონსი