2014-07-10

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის

10 ივლისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საქმისთვის. ამასთან დაკავშირებით გაიმართება სამუშაო შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები.  თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტთან ერთად დაიგეგმება საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები; სასწავლო პროექტების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაცია გაუწევს რეკომენდაციას უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ და წარდგენილ სასწავლო და კვლევითი  ხასიათის პროექტებს ადგილობრივი ან უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოსაპოვებლად; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების ადმინისტრაციაში, ასევე სხვა შესაბამისი სფეროს დაწესებულებაში პრაქტიკის გავლას, უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და კონფერენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უნივერსიტეტისათვის.


მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მეათე (მაღლივი) კორპუსი, თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი





« იხ. ყველა ანონსი