2010-06-09

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღე

9 ივნისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი მართავს ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელზეც საგამომცემლო პროგრამა ლოგოსის სხვა მნიშვნელოვან გამოცემებთან ერთად ახალი ენციკლოპედიის “ანტიკური კავკასია” (პირველი ტომი) პრეზენტაცია გაიმართება.

ენციკლოპედია - ანტიკური კავკასია რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომელთაგან შემდგარმა ავტორთა კოლექტივმა მოამზადა. ენციკლოპედიის გამოცემა გათვალისწინებულია სამ ტომად. პირველი ტომი მთლიანად წყაროებს ეთმობა, სადაც წარმოდგენილია ხეთური, ასურული, ურარტული, სპარსული, ბერძნული, ლათინური და ბიბლიური ტექსტების ქართული თარგმანები. მეორე ტომში საენციკლოპედიო სტატიები დაიბეჭდება. მესამე ტომში დასრულდება ანბანურად განლაგებული სტატიები. აქვე განთავსდება ბიბლიოგრაფიული, შემოკლებების განყოფილებები, ვრცელი საძიებელი, რომელიც მოიცავს წყაროების ტომში დადასტურებულ ყველა საკუთარ სახელს, სტატიებში მოხსენიებულ იმ ტერმინებს, რომლებიც ენციკლოპედიაში ცალკე ლემების (თავების) სახით არ არიან წარმოდგენილნი.

ენციკლოპედია მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სიძველეთმცოდნეებს, კავკასიოლოგებს, ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობდა კავკასია მსოფლიოს ისტორიაში მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

ღონისძიებაზე ხუთი წარჩინებული სტუდენტი დაჯილდოვდება.

ღონისძიების მეორე ნაწილი პროფესორ რისმაგ გორდეზიანის  70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გამოსვლებს დაეთმობა.

მისამართი:  თსუ-ს მერვე კორპუსის სააქტო დარბაზი (ი. ჭავჭავაძის პროსპ. №13, მე-4 სართული)



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge


« იხ. ყველა ანონსი