2011-10-17

საერთაშორისო კონფერენცია – „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში“

17-21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მაღალი ენერგიების ფიზიკის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით მე-6 კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია “ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში” 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიხსნება. 

კონფერენციაში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად CERN-ში მოღვაწე უცხოელი და ქართველი მეცნიერები მიიღებენ. 

ქართველ მეცნიერთა CERN-თან თანამშრომლობით და UNESCO–ს დაფინანსებით ფუნდამენტური მეცნიერებების სფეროში საქართველოში არაერთი კონფერენცია გაიმართა. პირველი კონფერენცია მაღალი ენერგიების ფიზიკაში “ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე” თბილისში 2001 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც მეცნიერები დიდი ადრონული კოლაიდერის ამოქმედებამდე (2009) ყოველ 2 წელიწადში იკრიბებოდნენ. 2001, 2003 და 2005 წლების კონფერენცია მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ტარდებოდა, 2007 წელს კი, კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა.

რიგით მეექვსე კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით იმართება.

მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, 135-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი