2012-06-01

სტუდენტურ ორგანიზაციათა საქართველოს საერთაშორისო ფორუმი ბათუმში

 1–6 ივნისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ბათუმში  სტუდენტურ ორგანიზაციათა საქართველოს საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 35 ქვეყნის 70  სტუდენტური ორგანიზაცია მიიღებს. მათ შორის იქნებიან გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის, აშშ–ს, თურქეთის, იაპონიის, ბალტიისპირეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები. ფორუმის  გახსნა სასტუმრო „ინტურისტში“ 1 ივნისს 16.00  საათზე იგეგმება. I პლენარულ სესიას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი,  აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.
           ფორუმის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ახალგაზრდობის პოლიტიკასა და მომავალ პერსექტივებზე,  მსოფლიო ახალგაზრდობის დღევანდელ გამოწვევებზე, შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, გაეცნობიან საქართველოს უახლეს პროექტებს.  ორგანიზაციები, რომლებიც წელს შეუერთდებიან ფორუმს, ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი 2011 წელს გამართულ სტუდენტურ ორგანიზაციათა თბილისის საერთაშორისო ფორუმზე მომზადდა და მას 18 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.
           თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით  სტუდენტურ ორგანიზაციათა საქართველოს საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მსოფლიო ახალგაზრდობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცევა.
           სტუდენტურ ორგანიზაციათა შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.



მის.: ბათუმი, სასტუმრო „ინტურისტი“

« იხ. ყველა ანონსი