2012-11-08

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის ჩვენება თსუ-ში

„ყოველდღე დედამიწის ექვსი მილიარდი მოსახლეობიდან ერთი მილიარდი მაინც სვავს ღვინოს და არა მგონია მათ იცოდნენ თუ ვინ, როდის და სად შექმნა ეს ღვთიური სითხე“
მერაბ კოკოჩაშვილი

8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური  ფილმის „ღვინის აკვანი“ ჩვენება გაიმართება.
ფილმი მოგვითხრობს ქართველების როლზე ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. მაყურებელი ეკრანზე იხილავს ღვინის შესახებ მოპოვებულ ისტორიულ მასალას  და ღვინის წარმოების პროცესის ამსახველ კადრებს. ფილმში ქართული თეატრისა და კინოს მსხაიობები მონაწილეობენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ბაღაშვილი, ვანიკო მაჭავარიანი, ვახტანგ ცხადაძე; მაყურებელი, აგრეთვე, ცნობილ მეცნიერებს, მევენახეებს და მეღვინეებს გაიცნობს.
მერაბ კოკოჩაშვილი ფილმზე ერთი წელი მუშაობდა. პროექტი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულია და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
რეჟისორთან ერთად ფილმის ჩვენებას სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორები, ფილმის სცენარის ავტორი - კოტე ჯანდიერი, კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი და ოპერატორი - დავით გუჯაბიძე დაესწრებიან.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი