2011-06-07

თსუ სტუდენტური კონკურსი ,,მისია 2011“-ის მეორე ტური ბორჯომში

7 ივნისს, 11.00  საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ,,IDS ბორჯომი საქართველო”–ს  ერთობლივი პროექტის _  სტუდენტური  კონკურსი ,,მისია 2011”-ის  მეორე ტური ბორჯომში გაიმართება. პროექტის მიზანია სტუდენტების  კრეატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების გამოვლენა. კონკურსმა სტარტი აპრილში აიღო და მასში თსუ ბაკალავრიატის III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა  ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონკურსის პირველ ეტაპზე _ შიდა შესარჩევ ტურში უნივერსიტეტისა და კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს”   ჟიურიმ 43  წარმოდგენილი პროექტიდან 7 საუკეთესო  შეარჩია. გამარჯვებული  ჯგუფები ხვალ, 7 ივნისს ბორჯომში გაემგზავრებიან, სადაც სტუდენტებისთვის მოეწყობა მოკლე ექსკურსია. მეორე ტურში გადასულ სტუდენტურ ჯგუფებს  ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე და თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი უმასპინძლებენ.  ექსკურსია ბორჯომის მე-2 ჩამომსხმელი ქარხნიდან დაიწყება. „ბორჯომის“ წარმოების ისტორიის გაცნობის შემდეგ კონკურსში მონაწილე სტუდენტებს მეორე  ტურისთვის  კონკრეტული დავალება მიეცემათ.
ივნისის ბოლოსთვის თსუ–ს და კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს“   წარმომადგენლებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით  დაკომპლექტებული  სპეციალური ჟიური სამ საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომელთაც ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ დაწესებული  ფულადი პრემიები და თსუ–ის სპეციალურ პრიზები  გადაეცემათ.

« იხ. ყველა ანონსი