2015-12-01

ადამ მიხნიკის საჯარო ლექცია თსუ-ში

1 დეკემბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ესეისტი და ისტორიკოსი ადამ მიხნიკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები“. ლექციის შემდეგ გაიმართება ღია დისკუსია, რომელშიც სტუდენტებთან ერთად, ჩაერთვებიან  მიხნიკის ქართველი კოლეგები. საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც დემოკრატიზაციის გზაზე მდგარ ქვეყანას ელოდება.

სამუშო ენა: პოლონური ქართული თარგმანით. დასწრება თავისუფალია.

თბილისში ადამ მიხნიკის ვიზიტი უკავშირდება ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის პროექტს „კინო სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით შედგება.
ისტორიკოსი, ესეისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ადამ მიხნიკი პოლონეთის ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთის „Gazeta Wyborcza“ მთავარი რედაქტორი, დასაქმებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის თანადამფუძნებელია.

ადამ მიხნიკი 1946 წლის 17 ოქტომბერს ვარშავაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1965 – 1980 წლებში იგი იყო მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრი, რომელიც ქვეყანაში (პოლონეთი) კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა. ამის გამო მიხნიკმა 6 წელი გაატარა ციხეში. 1989-91 წლებში ადამ მიხნიკი გახდა პოლონეთის პირველი არაკომუნისტური პარლამენტის წევრი, იგი ასევე მონაწილეობდა 1989 წლის „მრგვალი მაგიდის საუბრებში“. ამავე პერიოდში მიხნიკი ხდება პირველი თავისუფალი პოლონური გაზეთის Gazeta Wyborcza მთავარი რედაქტორი, რომელიც დღეს პოლონეთის ყველაზე დიდი ყოველდღიური გამოცემაა.

ადამ მიხნიკი ფლობს დოქტორის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში, მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები, არის მრავალი სტატიისა თუ წიგნის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია „წერილები ციხიდან“, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.

მისამართი: ი. ჭავჭავძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი