2018-07-06

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი თსუ-ში

6 ივლისს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთშორისო ტურნირი გაიხსნება. ტურნირში 9 ქვეყნის 15 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის 200-მდე მონაწილეს შორის, 100-ზე მეტი უცხოელია, ჟიურის 35 წევრი და დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ტურნირში 25-მდე ქართველი ჟიურის წევრი და 30 მოხალისე მონაწილეობს. საქართველო ტურნირზე 2 გუნდით წარსდგება. 

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი  ოლიმპიადებისგან განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსია 17  წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების  უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები  და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. ტურნირი მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. შემოთავაზებული დავალებები  ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს.

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სკოლების  მოსწავლეები მრავალი ათეული წლის მანძილზე მოწინავეთა რიგებში არიან და სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. 2014-2016 წლებში   საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა. 2017 წელს ჩინეთის ქალაქ ნანკინში ჩატარებულ მეხუთე ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, დღეისათვის  ახალგაზრდა ნატურალისტთა მსოფლიო რეიტინგში  საქართველო ლიდერია.  

საერთაშორისო ტურნირი 12 ივლისამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი.




« იხ. ყველა ანონსი