2019-02-05
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოება თსუ-ში
5 თებერვალს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორს გოჩა ჯაფარიძესა და გორისა და ატენის მიტროპოლიტს ანდრია გვაზავას წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიას (მედალს და დიპლომს) პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი გადასცემს. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ვარშავის უნივერსიტეტმა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია პროფესორ გოჩა ჯაფარიძესა და მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მიანიჭა. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს შეკრება ვარშავის უნივერსიტეტის ტიშკევიჩების სასახლეში გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ორიენტალისტი და დიპლომატი გოჩა ჯაფარიძე ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით სირიასა და ეგვიპტის არქივებსა და წიგნსაცავებში საქართველოს შესახებ დაცული უცნობი არაბული ისტორიული, გეოგრაფიული, ბიოგრაფიული და გენეალოგიური ჟანრის თხზულებებისა და ხელნაწერების შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა; ასევე, მონოგრაფიისთვის – „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)“ და წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის, ასევე, ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.