2016-06-04

ემიგრანტული საერთაშორისო კონკურსის "ემიგრანტის წერილი-2016" ფინალისტთა დაჯილდოება

4 ივნისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება ემიგრანტული საერთაშორისო კონკურსის "ემიგრანტის წერილი-2016" ფინალისტთა დაჯილდოება და კრებულის წარდგენა.

საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსი - "ემიგრანტის წერილი" მეორე წელია ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანება“ და საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მოქმედი „ქართული სალონის“ ორგანიზებით.

ლიტერატურული კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართულენოვანი ავტორების გამოვლენას, მათ წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. კონკურსის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ავტორთა ნაწარმოებების მოძიება-შეკრება და მათი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრება, ქართულ ენაზე შექმნილი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა ქართველი მკითხველისათვის, მათი ბეჭდური და ელექტრონული წიგნების სახით გამოცემა და გავრცელება.

კონკურსში  მონაწილეობას იღებენ როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13; VIII კორპუსი; IV სართული
.

« იხ. ყველა ანონსი