2015-09-28

ახალი პროექტი ახალგაზრდულ პრობლემებზე

28 სექტემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სატელევიზიო პროექტ ,,სუპერ-ეგო”-ს პრეზენტაცია გაიმართება. ,,სუპერ-ეგო” თსუ-ის გადაცემა ,,უნივერსიტეტის” შემადგენელი პროექტია, რომელიც ყოველ მეორე შაბათს გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში. ,,სუპერ-ეგოს” მთავარი აქტორები თსუ-ის სტუდენტები იქნებიან. პროექტს წარუძღვებიან: ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.

პროექტ ,,სუპერ-ეგოს” ამოცანაა-უნივერსიტეტის სივრცეში აღდგეს დისკუსიური საუბრების ტრადიცია ახალგაზრდულ პრობლემატიკაზე ახალ თაობაში ჯანსაღი ფასეულობების დამკვიდრების მიზნით. პროექტს თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფი განახორციელებს. სატელევიზიო პროდუქტი თსუ-ის ,,მულტიმედიაცენტრის” ბაზაზე მომზადდება.

ღონისძიებაზე ასევე შედგება მუსიკოს ზაზა ხუციშვილის მიერ პროექტ ,,სუპერ-ეგო”-სთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I  კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი