2018-07-16
საერთაშორისო კონფერენცია - „ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში“
16 ივლისს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, ქართული ალბათურ-სტატისტიკური სკოლის ფუძემდებლის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დამფუძნებლის, პროფესორ გვანჯი მანიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში“ გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში მოღვაწე მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ახალი ზელანდიიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, უზბეკეთიდან, დანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და ლიტვიდან.
1968 წელს პროფ. გ. მანიას თაოსნობით დაფუძნდა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად ის იყო შესაბამისი პროფილის განყოფილების/სექტორის გამგე ჯერ ი.ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, შემდგომ ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, ხოლო მოგვიანებით ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში.
პროფესორი გ. მანია ეწეოდა აქტიურ და ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას ეკუთვნის პირველი ქართული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები ალბათობასა და სტატისტიკაში. მის მიერ დადგენილ იქნა მნიშვნელოვანი სტატისტიკების ზღვარითი განაწილებები, ეს სტატისტიკები სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია მანიას სტატისტიკების (კრიტერიუმების) სახელით. 1979 წელს ჟურნალში “International Statistical Review” სიმკვრივის სტატისტიკური შეფასების შესახებ ვერცისა და შნაიდერის ბიბლიოგრაფიაში მითითებულია პროფ. გ. მანიას 17 ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია: „ალბათობათა განაწილების სტატისტიკური შეფასებები“, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ აღნიშნული მიმართულებით იგი წარმოადგენს ბრწყინვალე წიგნს (The excellent book).
საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი; ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი; საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.