2016-06-13

ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა თსუ-ში

13 ივნისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აშშ საელჩოს მრჩეველი პრესისა და კულტურის საკითხებში ქორთნი ოსთრიანი,  შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, ერაზმუს პლუსის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ლიკა ღლონტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დირექტორი, აირექს საქართველოს დირექტორი, საერთაშორისო განათლების ცენტრის უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ტრენინგ ცენტრის დირექტორი და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, თსუ სტუდენტები, პროფესორები.

თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინება გერმანელი ფოტოხელოვანის რუდოლფ შრადეს ფოტოები, რომელიც მან 1960, 1977 და 2012 წლებში საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შრადეს მიერ ხევსურეთში გადაღებული უნიკალური ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც თსუ მუზეუმშია დაცული.

ზაფხულის სკოლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა 20-მდე სტუდენტი, რომლებიც კავკასიის და მიმდებარე ქვეყნების კულტურას, ისტორიას, ლიტერატურას და კინემატოგრაფიას შეისწავლიან. ჰარვარდის უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის  ზაფხულის სკოლის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წაუკითხავს სალექციო კურსებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოს ისტორია და პოლიტიკა, არქიტექტურა და ურბანული მორფოლოგია, ქართული ფილმი, რუსული მხატვრული ლიტერატურა კავკასიის შესახებ. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ ქართული და რუსული ენების ცოდნა.

გარდა სასწავლო აქტივობებისა, პროგრამა მოიცავს ინტენსიურ გაცნობით-შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს ზაფხულის სკოლის მონაწილეებისთვის როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ზაფხულის სკოლის კულტურულ-შემეცნებითი მოდულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ჰარვარდის ზაფხულის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მოისმინონ ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქართული დიპლომატიის ისტორიაზე ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი, ეროვნული მუზეუმი, ფულის მუზეუმი, გაიარონ მასტერკლასები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზაფხულის სკოლის მსმენელები ასევე საველე სამუშაოებს ჩაატარებენ რამდენიმე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზე.

ზაფხულის სკოლა 13 აგვისტომდე, 9 კვირის მანძილზე გაგრძელდება და სასწავლო კომპონენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი