2015-03-30

თსუ ქართველ მეცნიერებს GRID-ის შესაძლებლობების გამოყენებას სთვაზობს

30 მარტს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, მეცნიერები, მკვლევრები, სტუდენტები დაესწრებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ მეცნიერებს GRID-ის საერთაშორისო სისტემაში ჩართვის და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. GRID არის განაწილებული გამოთვლების ფორმა, რომელიც შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც „ვირტუალური სუპერკომპიუტერი“, რომელიც წარმოდგენილია ქსელით დაკავშირებული კლასტერების სახით (ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერები, რომლებიც მუშაობენ ერთად ამოცანების უზარმაზარი რაოდენობის შესასრულებლად).

თსუ საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - „გრენა“ - სთან თანამშრომლობით ახორციელებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“.

წარმოდგენილი პროექტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ქართველი მეცნიერებისათვის ახალი კვლევითი გარემოს შექმნა, რომელიც მეცნიერებს უზრუნველყოფს მარტივი და გამჭვირვალე GRID (განაწილებული გამოთვლების ფორმა) ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურა ქართველ მეცნიერებს აძლევს საშუალებას, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ შექმნილი შესაძლებლობები დიდი გამოთვლითი რესურსის საჭიროების მქონე სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტაში.

მაღალი ენერგიების ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ბიოლოგიის, მეტეოროლოგიის, კლიმატური ცვლილებების, სეისმოლოგიისა და სხვა დარგებში წამყვან საერთაშორისო კვლევით პროექტებში სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში განვითარებული GRID სისტემის არსებობას. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განვითარებული განაწილებული გამოთვლების (Distributed Computing GRID) ინფრასტრუქტურა  საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ევროპულ კვლევებში ჩართვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა.

პროექტის ხელშეწყობით, პირველად საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2014 წელს შეიქმნა GRID სერტიფიკაციის ორგანო (Certification Authority – TSU CA), რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ყველა GRID სისტემის მიერ.  TSU CA უზრუნველყოფს რომ, ქართველმა მეცნიერებმა ვირტუალური ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაში შეძლონ GRID-ის სერტიფიკატის მიღება და შესაბამისად სამეცნიერო ამოცანების გაშვება საქართველოს და მსოფლიოს GRID ინფრასტრუქტურაზე.

ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ მისამართზე: http://grid.grena.ge/ ხოლო ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე: https://grid-ca.tsu.ge/, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ  ინსტრუქციები GRID სერტიფიკატის მიღების, განახლების და მოხმარების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი