2017-01-26

თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ ჰიუნდაი“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მიზნებით იწყებს. კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან. 26 იანვარს, 13:00 საათზე თსუ-სა და გუნდის გენერალურ სპონსორს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.    

მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი დავით გიორგობიანი. ხელშეკრულება მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას,  კალათბურთის განვითარებაში დახმარებას,  სპორტულ მენეჯმენტში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები ითანამშრომლებენ კლუბის განვითარებისათვის და მისი წარმატებულად გამოსვლისათვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გამართულ ეროვნულ ჩემპიონატებში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი 1924 წლიდან არსებობს. სხვადასხვა დროს გუნდში თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე და სხვები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უნივერსიტეტის ვაჟთა საკალათბურთო გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2014 წლამდე უწყვეტად ასპარეზობდა. თსუ საკალათბურთო გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ორგზის (2010 წ, 2011 წ.) მეორეადგილოსანი, ხოლო 2011 წელს ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებულია. 2014 წლიდან დღემდე გუნდი  ეროვნული ჩემპიონატის „ა“  ლიგაში ასპარეზობს და სეზონის ბოლოსთვის უმაღლეს ლიგაში გადასვლას გეგმავს. გუნდის 9 წევრი საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი