2011-10-03

სწავლის დაწყების დღე თსუ–ში

3 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავს. 11:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ როდნი ბასი მიესალმებიან. 

ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველკურსელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სტუდენტური თვითმმართველობის და მეგობარი კომპანია „ჯეოსელის“ მიერ დაწესებული სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. 

2011  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე 4200 აბიტურიენტი, პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე  46 აბიტურიენტი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 304 აბიტურიენტი ჩაირიცხა. დღეისათვის თსუ–ში 22 000–მდე სტუდენტი სწავლობს. 

12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებულ პირველ კორპუსში დავების მოგვარების ალტერნატიული ცენტრი (ADR) გაიხსნება. ქართულ–ამერიკული პროექტის ფარგლებში  ხელი მოეწერება ოთხ მხრივ მემორანდუმს, რომელიც ალტერნატიული ცენტრის შექმნას და შემდგომ თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს. მემორანდუმს ხელს თსუ–ის რექტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პრეზიდენტი და ისტ–ვესტის პროექტის მენეჯერი მოაწერენ. 

19 საათზე ვარდების მოედანზე სტუდენტური თვითმმართველობისა და დედაქალაქის მერიის  ორგანიზებით სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. სტუდენტებს ნიაზ დიასამიძე, თსუ–გორდელა და ანსამბლი „უნივერსიტეტი“ მილოცავენ.

« იხ. ყველა ანონსი