2019-09-09

ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა

9 სექტემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება "ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა", რომელიც მოიცავს კონფერენციას, სეზონურ სკოლას, გამოფენას. კონფერენცია ერთად შეკრებს  მეცნიერებს ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან,  რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული, მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება. 

2000 წელს ფლორენციაში მიღებული კონვენციის მიხედვით, ლანდშაფტი გაგებულია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების, მართვისა და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ობიექტი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროში - კულტურაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში.

ღონისძიების ფარგლებში  10 სექტემბერს 12:00 საათზე, თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, რომლის უმთავრესი მიზანია წარმოჩინდეს საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება, ქართული ლანდშაფტური სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და ამავე დროს, მოხდეს საზოგადოებაში ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია.
გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე პერიოდში და მე-19 საუკუნეში გადაღებული საქართველოს ლანდშაფტების ფოტოები, საველე კვლევების ამსახველი ფოტომასალა, საველე კვლევების ექსპონატები, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული ლანდშაფტური რუკები, ატლასები, მონოგრაფიები,  ქართველი მეცნიერების ფოტოები რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ გეოგრაფიისა და ლანდშაფტური კვლევების განვითარებაში შეტანილი და სხვა.
ქართულმა ლანდშაფტურმა სკოლამ გარკვეული წვლილი შეიტანა ლანდშაფტმცოდნეობის განვითარებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფ. ნიკო ბერუჩაშვილს. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით  საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია მსოფლიოში. ამ კუთხით იგი აღემატება ბევრ ისეთ ქვეყანას, რომელთაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება ფართობით. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქართველოს მსოფლიოში მე-10-14 ადგილი უკავია. თუ ამ მაჩვენებელს ფართობის 1 ერთეულზე ვიანგარიშებთ, მაშინ თვალნათლივ დავინახავთ, რომ ამ მხრივ, საქართველო ლიდერია და მსოფლიოში მას I ადგილი უკავია. ამიტომ უწოდებენ საქართველოს „მსოფლიოს ლანდშაფტურ ლაბორატორიას“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტები, დაწყებული ნოტიო კოლხური ტყის, ან ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტებიდან და დამთავრებული მაღალი მთის ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტებით. სულ რაღაც ორიოდე საათის სავალზე შეიძლება ერთი ლანდშაფტიდან მეორე, კონტრასტულ ლანდშაფტში მოხვედრა.

თანამედროვე ლანდშაფტური კვლევები რაციონალურ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული: იყენებდეს ტრადიციულ რაციონალურ ბუნებათსარგებლობით გამოცდილებასა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიებაც ამ მიზანს ემსახურება - აზრთა ურთიერთგაცვლას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და საბოლოოდ, მისი განხორციელების შესაძლებლობების წარმოჩენას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი