2017-09-22

საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმის (EIFL) გენერალური ასამბლეა

22 სექტემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმის EIFL.net (Electronic Information for Libraries) გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩატარდება პრეზენტაციები, ლექციები, დისკუსიები EIFL-ის საქმიანობის საპროგრამო მიმართულებებით:მონაცემთა ბაზების ხელმოწერა და გამოყენება, თავისუფალი წვდომა სამეცნიერო გამოცემებზე და სამეცნიერო შრომათა გამოქვეყნება, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები, პროგრამული სისტემები ბიბლიოთეკებისათვის, საბიბლიოთეკო კონსორციუმების მართვა და განვითარება.

გენერალური ასამბლეა არის EIFL-ის  მთავარი ღონისძიება, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ღონისძიებაში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა შორის არიან სამეცნიერო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, მოწვეული ექსპერტები, კონსორციუმის ხელმძღვანელები, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობების წარმომადგენლები და სხვა.

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი (GILISC) აერთიანებს საქართველოში არსებულ 30-მდე ბიბლიოთეკას, მას ხელმძღვანელობს თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EIFL (www.eifl.net) მხარს უჭერს ელექტრონული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს განვითარებად და გარდამავალ ქვეყნებში. ქსელი აერთიანებს 4000-მდე წამყვან ბიბლიოთეკასა და მათ მილიონობით მომხმარებელს ევროპის, აზიისა და აფრიკის 40 ქვეყნიდან. საქართველო კონსორციუმს EIFL-ის დაარსებიდანვე, 2001 წლიდან შეუერთდა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ, პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი





« იხ. ყველა ანონსი