2016-05-19

ამერიკისმცოდნეობის XVII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

19 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია ამერიკისმცოდნეობის XVII ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 240-ე წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, ამერიკელი და ქართველი დიპლომატები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციის გახსნის შემდეგ დოქტორი სიუზან შილინგლოუ, ჯონ სტაინბეკის შემოქმედების მკვლევარი, ბიოგრაფი, მრავალი წიგნის ავტორი და სან ხოსეს უნივერსიტეტის (აშშ) ჯონ სტაინბეკის ეროვნული ცენტრის დირექტორი წაიკითხავს ლექციას „სტეინბეკის ამერიკა“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 170 მონაწილე, რომლებიც კონფერენციის მუშაობის 3 დღის მანძილზე წარადგენენ მოხსენებებს როგორც კონფერენციის მთავარი თემის, ასევე ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მასმედიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ქალთა საკითხების შესახებ.

კონფერენციის მიზანია ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესწავლა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორების, სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება, ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.

კონფერენცია 21 მაისს დასრულდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი