2011-04-12

ჯანდაცვის დღეები თსუ–ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, სტუდენტური ორგანიზაცია  EMSA TSU „საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან“ და სტუდენტურ თვითმმართველობასთან  ერთად ჯანდაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო)  წლევანდელ ღონისძიებას ანტიმიკრობულ რეზისტენტობას უძღვნის და მსოფლიო საზოგადოებას წამლების ბალანსირებადი გამოყენებისკენ მოუწოდებს.

7 აპრილს, 13:00 საათზე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები  უნივერსიტეტის მეორე  და მეთერთმეტე (ბიოლოგების) კორპუსებში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ; 16:00-ზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით  სემინარი გაიხსნება, რომელზეც თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გამგეობის წევრები მოხსენებებს წაიკითხავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით 11,12,13 აპრილს დაგეგმილია თემატური ღონისძიებების გამართვა.  „ჯანდაცვის დღეები თსუ-ში 2011“ - ამ სახელწოდებით აღნიშნულ თარიღებში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

დევიზით „თამბაქოსგან თავისუფალი სიცოცხლისთვის“ 11 აპრილს  თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები თამბაქოს ზიანის შესახებ ევროკავშირისა და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ, ქართულ ენაზე ნათარგმნ მოხსენებას წაიკითხავენ.  ღონისძიების დასასრულს გაიმართება თემატური კინოჩვენება; 12 აპრილს დაგეგმილია ნარკომანიის თემაზე მომზადებული პრეზენტაციის გამართვა და კინოფილმის „კალათბურთელის დღიურები“ ჩვენება. ტრეინინგს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები 13 აპრილს ჩაატარებენ.

« იხ. ყველა ანონსი