2011-04-08
გამოფენა - “უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები”
8 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა სახელწოდებით
“უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები” გაიხსნება. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისა და საქართველოს სახელმწიფო არქივის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
ექსპოზიციის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტების სასწავლო პროცესის ჩვენება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ათი სტენდი, რომელიც სტუდენტებისა და ასპირანტების სასწავლო პროცესის ამსახველ ფოტო და დოკუმენტურ მასალას მოიცავს. ექსპოზიციაზე წარმოადგენენ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ასპირანტების (საპროფესოროდ დატოვებულების), შემდგომში ცნობილი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების – ვერა ბარდაველიძის, სერგი მაკალათიას, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას და სხვების პირად საქმეებს, ფოტოებსა და საკურსო ნამუშევრებს. ასევე გამოიფინება სტუდენტთა შეფასების ბარათები და ის სარეკომენდაციო წერილები, რომლებსაც უნივერსიტეტის დამფუძნებლები და მასწავლებლები მათ შესახებ წერდნენ.
გამოფენის გახსნის შემდეგ უნივერსიტეტის მუზეუმს საზეიმოდ გადაეცემა უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელის თათია ებრალიძის წინაპრის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტის, თამარ ჟღენტის ჩათვლის წიგნაკი. ღონისძიების დასასრულს დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უხუცესი პროფესორების შეხვედრა თსუ–ის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი