2017-10-12

თსუ ინოვაცია - დაჯილდოების ცერემონია

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „თსუ ინოვაცია“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.  სტუდენტ ფიზიკოსთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, საუკეთესო 8 პროექტი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინება.

სპეციალურმა ჟიურიმ წარმოდგენილი პროექტებიდან სამი საუკეთესო შეარჩია. კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი სამ გუნდზე განაწილდა.

„თსუ ინოვაცია“ სტუდენტური პროექტია, რომლის მიზანიც ინოვაციური იდეების წახალისება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებაა. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფულადი პრიზის მოპოვების პარალელურად გამოფენაზე თავიანთი იდეები პოტენციურ ინვესტორებსა და დამსაქმებლებს გააცნონ და მათი განხორციელებისთვის შესაბამისი დაფინანსება მოიპოვონ. გამოფენაზე წარმოდგენილ პროექტებს შორის რამდენიმე აპლიკაციაა, რომლის დახმარებითაც გამარტივდება ტვირთების გადაზიდვა, ღონისძიებების დაგეგმვა, ენის შესწავლა და საცობით გადატვირთულ ქალაქში გადაადგილება, სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური ძრავის იდეაც, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავებსა და კოსმოსურ ძრავებში გამოიყენონ.

ახალგაზრდული ინიციატივების წახალისებისა და სტუდენტებში სამეცნიერო მიმართულების გაძლიერების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური პროექტების დაფინანსებას ახორციელებს, სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა პროექტი „თსუ ინოვაცია“.

მისამართი:ი.ჭავაჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.


« იხ. ყველა ანონსი