2010-06-24

ახალი სპორტული დარბაზი თსუ-ში

24 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნამგალაური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან. სტუმრები და თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა გახსნიან მაღლივი კორპუსის სპორტულ დარბაზს და დაათვალიერებენ გარემონტებულ მე-10 (მაღლივ) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებს.    

რემონტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს შორის 2009 წლის 25 აგვისტოს ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარდა. თსუ-ის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებიდან დაიხარჯა 794 879 ლარი. მათ შორის: XI (ბიოლოგების) კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე 518130 ლარი, (მე-11 კორპუსში დაახლოებით 7 500 კვ.მ. ფართი გარემონტდა. მათ შორის: 60 ოთახი, 37 აუდიტორია, 12 კომპიუტერული კლასი და 1 რესურსცენტრი. ასევე, ძირითადი აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის 38 სამუშაო ოთახი, რომელიც დაკომპლექტდა ახალი ინვენტარით.) თსუ ბიბლიოთეკის გათბობაზე 41574 ლარი, სოციალურ და პოლიტიკური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ინვენტარზე 99 885 ლარი დაიხარჯა. მე-10 კორპუსში (მაღლივი) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მე-2, მე-5 და მე-7 სართულებზე _ დაახლოებით 2 100 კვ.მ.

2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა სულ 129 149 ლარი. აქედან; სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოებზე 38949 ლარი, ბიოლოგების კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე  90200 ლარი. სპორტული დარბაზისათვის შეძენილია 16 825 ლარის ინვენტარი. სარემონტო სამუშაოებს შპს. "მონოლითმშენი", "21-ე საუკუნე" და "არქსტუდია ბერისტილი" აწარმოებდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი