2011-06-10

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სტიპენდიის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა თსუ–ში

10 ივნისს, 12 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სტიპენდიის პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. გერმანიის ბუნდესტაგი “საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამას 1986 წლიდან ახორციელებს.  ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად აძლევს მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ 100 ახალგაზრდას 21 სხვადასხვა ქვეყნიდან იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნოს გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. სტიპენდიატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში და მონაწილეობა მიიღონ უამარავ ღონისძიებასა
და შემეცნებით ექსკურსიაშi. პროგრამის ფარგლებში მგზავრობის, ბინის, კვების, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ მე–2 კორპ, რუმინეთის აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი