2018-11-14

ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენა თსუ-ში

14 ნოემბერს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი „93-ე აუდიტორიის“ აღდგენის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ კურსდამთავრებულები - ცნობილი მწერლები, გამომცემლები, თავის დროზე „93-ე აუდიტორიის“ წრის წევრები დაესწრებიან.

ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. მათ შორის იყვნენ ომიდან დაბრუნებულებიც, ვისაც ჯერ კიდევ ფარაჯა ეცვა და სკოლადამთავრებულებიც, ვინც თვლიდა, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ლიტერატურულ წრეს  დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა.

თავდაპირველად წრე დიდი არ იყო, სხდომებს ხალხიც ცოტა ესწრებოდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა მწერალთა წრე ძალიან პოპულარული გახდა. მუშაობის ერთადერთი ფორმა მაშინ წრის სხდომაზე წევრთა ნაწერების კითხვა-განხილვა იყო. შემდგომ, მუშაობა ისე გაცხოველდა, წრეს იმდენი ახალი წევრი შეემატა, იმდენი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა ,,პირველი სხივი’’, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. რექტორ ნიკო კეცხოველის სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, რომლის თანახმად, 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე’’ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ ,,პირველი სხივის’’ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.





« იხ. ყველა ანონსი