2014-02-25

გამოფენა „თსუ 1921 წლის თებერვალ-მარტში“

25 თებერვალს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „თსუ 1921 წლის თებერვალ-მარტში“ გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ფოტო, ვიდეო და ფონო  დოკუმენტური მასალა, რომელიც რუსული წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველი იუნკრებისა და უნივერსიტეტელთა ბრძოლას ასახავს.

უნივერსიტეტის სტუდენტები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებად ეწერებოდნენ. მათ შორის იყვნენ სტუდენტი ქალებიც, რომლებიც მოწყალების დებად ირიცხებოდნენ. მოწყალების დებს ფრონტიდან დაჭრილების გამოყვანა და მკურნალობა ევალებოდათ. მოხალისეთა შორის იყო თსუ სტუდენტი მარო მაყაშვილიც.

თბილისისთვის გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი დაიღუპა; დღეისათვის ოთხი მათგანის გვარია ცნობილი: მარო მაყაშვილთან ერთად დაიღუპა სტუდენტი პავლე (პალიკო) ბეშკენაძე. თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილი და გიო (გიორგი) გამყრელიძე.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სტუდენტების გარდა უნივერსიტეტის პროფესორები და მათი ოჯახის წევრებიც იბრძოდნენ. პროფესორ გიორგი გეხტმანის შვილი, იუნკერი გაბრიელ გეხტმანი, თბილისის დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლებში 25 თებერვალს დაიღუპა.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ მუზეუმი. ექსპოზიციაში წარმოდგენილია  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულმა არქივსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული დოკუმენტური მასალა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი