2014-12-18

იოსებ ყიფშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

18 დეკემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  გაიმართება  უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის იოსებ ყიფშიძის  ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველურ ენათა კვლევის საკვანძო საკითხები და პერსპექტივები“. კონფერენციის გახსნამდე მონაწილეები თსუ პანთეონში ყვავილებით შეამკობენ იოსებ ყიფშიძის საფლავს. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

გამოჩენილი ენათმეცნიერი იოსებ ყიფშიძე ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე გახლდათ. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი და ახალი ქართულის, უმწერლობო ქართველური ენების - მეგრულისა და ლაზურის შესწავლის საქმეში. მცირე მოცულობის, მაგრამ საეტაპო მნიშვნელობისაა  მისი სამეცნიერო სტატია „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“; კომპლექსური მიდგომითა და გააზრებით  არის შექმნილი მეგრული ენის გრამატიკა (რუსულ ენაზე) ქრესტომათიითა და მეგრულ-რუსული ლექსიკონით.  იგი იოსებ ყიფშიძის სამაგისტრო ნაშრომი გახლდათ, 1914 წელს  გამოიცა პეტერბურგში.  ძველი ქართული წერილობითი ძეგლის  ტექსტოლოგიური შესწავლის ნიმუშს წარმოადგენს „ცხოვრება ანტონი-რავახისა“ და ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, რომელიც 1918 წელს გამოიცა პეტერბურგში.

კონფერენცია 19 დეკემბერს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  I კორპუსი, № 107 აუდიტორია  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის  აუდიტორია)


ღონისძიების პროგრამა:

18 დეკემბერი, 10:45 საათზე - პროფესორ იოსებ ყიფშიძის  საფლავის ყვავილებით შემკობა (თსუ-ის პანთეონი)
18 დეკემბერი, 11:00 საათზე - კონფერენციის გახსნა
11:00-17:00 საათზე -  კონფერენციის მუშაობა, I-II სხდომა. (თსუ  I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სხდომათა დარბაზი, № 107)
19 დეკემბერი, 11: 00 – 17:00 საათზე  - კონფერენციის მუშაობა, III-IV სხდომა (თსუ  I კორპუსი, აუდიტორია  № 212)

« იხ. ყველა ანონსი