2011-02-23

ათონელი მამები სტუმრად თსუ–ში

23 თებერვალს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ათონელი მამების (ვატოპედელების) დელეგაცია ესტუმრება. შეხვედრაზე პროფესორებისა და სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ათონის მთა და ქართველობა“.
წმინდა ვატოპედის მონასტერი ათონის მთაზე მდებარე იერარქიით მეორე მონასტერია. იგი გამოირჩევა თავისი სიმდიდრით, გავლენით, სიძველითა და ტერიტორიული სიდიდით. X საუკუნეში აგებული მონასტერი მდებარეობს ქალკედონიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნაგებობა მოიცავს 12 ტაძარს მონასტრის შიგნით და 19 - გარეთ. 1427 წელს აგებული მონასტრის სამრეკლო  ათონის წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ ითვლება. დღეისათვის მონასტერში 200–მდე ბერ–მონაზონია, მათ შორის 4 ქართველი.
მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი, უამრავი საღვთისმსახურო შესამოსელი და წმინდა ჭურჭელი. აქვე ასვენია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი, მე-17 საუკუნის “ყოველთა დედოფლის - პანტანასას” ხატი.  
მონასტერი გამოირჩევა მდიდარი  ბიბლიოთეკით, სადაც დაცულია 2000–მდე ხელნაწერი, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი.
ათონელი მამების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17 თებერვალს დაიწყება და 24 თებერვლის ჩათვლით გასტანს.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია
დასწრების მსურველებმა არაუგვიანეს 21 თებერვლისა მოგვაწოდეთ  საკონტაქტო ინფორმაცია ელ–ფოსტაზე: international@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი