2015-06-30

გერმანულენოვანი სახელმძღვანელოების ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

30 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დასავლეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული სახელმძღვანელობის
  • რაინერ კლუმპი, ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები, თსუ გამომცემლობა, თბ., 2015.
  •  გიუნტერ ფალტინი, გონება ამარცხებს კაპიტალს, თსუ გამომცემლობა, თბ., 2015.
ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ პროფესორი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუკლტეტის დეკანი,  პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, სტუდენტები,  პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.    

დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში აპრობირებული ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს ავტორია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი რაინერ კლუმპი.

მეწარმეობის შესახებ დღეისათვის ევროპაში ყველაზე წარმატებული წიგნის – ,,გონება ამარცხებს კაპიტალს’’ – ავტორია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ლეგენდარული Teekampagne-ის დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი.

სწორედ ასეთი სახელმძღვანელოებით ეუფლებიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები წარმატების საიდუმლოებას მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკასა და მეწარმეობაში.

სახელმძღვანელო გამოიცა თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმანის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში და დაიბეჭდა თსუ სტამბაში.

ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი, ხოლო წიგნის ,,გონება ამარცხებს კაპიტალს’’ ქართულ ენაზე თარგმანის სამეცნიერო რედაქტორები არიან პროფესორი რევაზ გველესიანი და თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია №107

« იხ. ყველა ანონსი