2014-04-26

სტუდენტთა მეორე ყოველწლიური კონფერენცია

26 აპრილს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა მეორე ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50-ე წლისთავს ეძღვნება.

სტუდენტთა ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია წელს მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეული საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის
30 სტუდენტი. მოხსენებების თემატიკა ფართოა, იგი მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, - ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, სოციალურ საკითხებს და სხვა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

საზეიმო გახსნის ფარგლებში გაიმართება საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის მკვლევარის, მონტანას უნივერსიტეტის (ამერიკა) პროფესორის ჯეფრი რენზის პრეზენტაცია თემაზე „50 წელი სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობიდან და რას მივაღწიეთ ჩვენ?“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში კონფერენცია საზეიმოდ დასრულდება ამერიკული მუსიკის საღამოთი, რომელზეც სტუდენტები ცოცხლად შეასრულებენ ამერიკული სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სიმღერებს

კონფერენცია ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით.

კონფერენციის მიზანია, ამერიკის შესწავლის თემით დაინტერესებულ სტუდენტთა შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის წახალისება.

ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები.
 
კონფერენციაზე და ამერიკული მუსიკის საღამოზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

მარიამ ხატიაშვილი - კონფერენციის ორგანიზატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნე სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე
E-mail: mariamikhat@yahoo.com

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია































 
 

« იხ. ყველა ანონსი