2016-06-23

სტუდენტური კონკურსის “პლანეტა რიდმორი” დაჯილდოების ცერემონია

23 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პროექტის გამარჯვებული გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ათივე ფინალისტი დაჯილდოვდება.

შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის მაისში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები რამდენიმე დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.

პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 5 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც პრიზებს და დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის შიდა ეზო

« იხ. ყველა ანონსი