2016-11-16

კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის პრეზენტაცია

16 ნოემბერი, 17:00 საათზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF) პრეზენტაციას გამართავს.

ფონდის მიზანია კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი თანხები სტიპენდიებისთვის, რაც საშუალებას მისცემს SDSU საქართველოს წარჩინებულ სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში. ფონდის მიერ მოზიდული თანხები აგრეთვე მოხმარდება სტუდენტების ინოვაციური და კვლევითი პროექტების განვითარებასა და მათ გაცვლით სასწავლო ვიზიტებს სან დიეგოს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში. პარტნიორობის ფონდში ჩართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესთავაზონ სტაჟირება და დასაქმება. SDSU პარტნიორ ორგანიზაციებს აგრეთვე შესთავაზებს ტრენინგებს, კადრების პროფესიულ გადამზადებას, აშშ-ში მოღვაწე ბიზნესებთან თანამშრომლობის და სხვა საინტერესო შესაძლებლობებს. 

ღონისძიებაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი სტივ ვებერი, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილებას კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით. PPPF-ის მნიშვნელობას, მიზნებსა და მომავალ გეგმებს მოწვეულ სტუმრებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, კენ უოლში გააცნობს. პრეზენტაციას დაესწრებიან და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი,  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდება იმ სტუდენტთა ვინაობა, რომლებმაც უკვე მიიღეს სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები კომპანიებისგან, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფონდთან თანამშრომლობა. სტიპენდიის სერთიფიკატებს სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადასცემენ თიბისი ბანკის და შპს "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები. 

მისამართი: სასტუმრო თბილისი მერიოტი

 

« იხ. ყველა ანონსი