2018-09-21
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და KM3NeT-ს შორის
21 სექტემბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კოლაბორაციას „კილომეტრ კუბური ნეიტრინინოს ტელესკოპს“ (KM3NeT) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (მეფი) დირექტორი
მიხეილ ნიორაძე, KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობის საბჭოს თავმჯდომარე
ხრისტოს მარკოუ და KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობის სპოუქპერსონი
მაურო ტაიუტი.
მემორანდუმის თანახმად, მეფი თსუ და KM3NeT ერთობლივ კვლევებს აწარმოებენ ატრონაწილაკების ფიზიკის სფეროში, კერძოდ ნეიტრინოს ფიზიკაში კილომეტრ კუბური ნეიტრინოს ტელესკოპის დანადგარზე. KM3NeT საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევით ცენტრებს და უნივერსიტეტებს აერთიანებს, მათ შორის გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი KM3NeT თანამშრომლობას 2017 წელს შეუერთდა.
KM3NeT თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, კერძოდ იტალიის, საფრანგეთის და საბერძნეთის სანაპიროდან 40-100 კმ-ს დაშორებით შექმნას ევროპული საკვლევი ინფრასტრუქტურა, რომლის ძირითადი ელემენტები ნეიტრინული დეტექტორები იქნებიან. საკვლევი ინფრასტუქტურის საშუალებით გათვალისწინებულია კვლევები ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში და ინტერდისციპლინარული კვლევები, მაგალითად ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში. კვლევებში თსუ მეცნიერებთან ერთად სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
კვლევებს ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში გამორჩეული ადგილი უჭირავს თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში. ნეიტრინოები ერთადერთ ფუნდამენტურ ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომელთა თვისებები ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში ბოლომდე არ არის გარკვეული. ნეიტრინულ ასტროფიზიკას შეუძლია ისეთ კითხვებზე გაგვცეს პასუხი, თუ სად და როგორ ხდება კოსმოსური სხივების აჩქარება, თუ როგორ ხდება ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნა და რას წარმოადგენს ბნელი (უხილავი) მატერია. კვლევებმა ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში 4-ჯერ, 1988, 1995, 2002 და 2015 წლებში სამეცნიერო საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, ნობელის პრემია დაიმსახურა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.