2017-03-07

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2017

7 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრში, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება პროექტის “ზამთრის  ქართველოლოგიური სკოლა - 2017” დასკვნითი ღონისძიება.

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის მიზანია ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, მათთვის უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. ზამთრის სკოლის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში მცხოვრები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჰუმანიტარული, კერძოდ, ქართველოლოგიური მეცნიერებებით:  საქართველოს ისტორია, არქეოლოგია და ეთნოგრაფია; ქართველური ენები;   ქართული ლიტერატურა, ზეპირსიტყვიერება და ფილოსოფია;  ქართულ-ევროპული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები.  პროექტის პირველ ეტაპზე  ელექტრონული ფორმით მოწოდებულ ნაშრომთაგან შეირჩა 20 საუკეთესო. შერჩეულ მონაწილეებს მეორე ეტაპზე  ჩაუტარდებათ ლექციები და ვორქშოპები, მოსმენილ იქნება კონკურსანტთა მიერ ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული ნაშრომები.

ამავე დღეს 13:00 საათზე, დაგეგმილია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - „თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე),  გეგმური პრეზენტაცია. აღნიშნულ  ღონისძიებებს დაესწრებიან თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები, პროფესორები და სტუდენტები.

 მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 202-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი