2019-07-06
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია
6 ივლისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სებასტიან მოლინუსი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრებიან.
ცერემონიას, ასევე, დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ISET-ის სტუდენტებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცავენ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას.
უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ISET-მა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. სკოლამ უკვე აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა. ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია საკუთარი პროფესიით. მისი კურსდამთავრებულები მიდიან საჯარო სექტორში, კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევით ინსტიტუტებში. სკოლის 350 კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი მისცა ინფორმაცია და ცოდნა ეკონომიკაზე.
მისამართი: სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი, მის.: თბილისი, თელავის ქ. #20