2014-02-12

საიუბილეო ფოტოპროექტი „მე - უნივერსიტეტი“

12 თებერვალს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო ფოტოპროექტის „მე - უნივერსიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ფოტოპროექტის სხვა მონაწილეები დაესწრებიან.

პროექტის მიზანია სხვადასხვა თაობის უნივერსიტეტელების ფოტოპორტრეტის შეგროვება. 95 პორტრეტის ავტორი ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილია. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი ფოტოალბომის წარდგენაც შედგება, ალბომმა პორტრეტებთან ერთად უნივერსიტეტელების მოგონებებიც გააერთიანა. ფოტოკრებული ღონისძიებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

ღონისძიების გამართვის თარიღი სიმბოლურია, 1918 წლის 12 თებერვალს, ძველი სტილით 30 იანვარს, უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექცია გაიმართა. პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნება.

პროექტისთვის წარმატებული უნივერსიტეტელის შერჩევაში მონაწილეობა უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს შეეძლო. თითოეულ მსურველს უნივერსიტეტის ვებგვერდზე არსებულ ონლაინ გამოკითხვაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სამი წარმატებული უნივერსიტეტელი უნდა დაესახელებინა. შედეგად პროექტმა სხვადასხვა ასაკის, საქმინაობისა და სტატუსის ადამიანი მოიცვა. მათ შორის უნივერსიტეტის ამჟამინდელი სტუდენტები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, III სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
                              

« იხ. ყველა ანონსი