2010-10-27

გეოგრაფების საჯარო ლექციები ახალქალაქის რაიონში

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის თანამშრომლები 27 ოქტომბერს ახალქალაქს ეწვევიან. ახალქალაქის რაიონის მაღალთიან ქართულ სოფელ კოთელიაში ოქტომბერს 14.00 საათზე უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციას ჩაატარებენ. თსუ-ის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე "სტიქიური პროცესები", ხოლო პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი _ "ჯავახეთის გეოგრაფია". თსუ-ის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს გადასცემენ სასკოლო სახელმძღვანელოებს, დამხმარე გეოგრაფიულ ლიტერატურასა და მხატვრულ ლიტერატურას. უნივერსიტეტის პოპულარიზაციისა და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ფუნდამენტური მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით მსგავს ღონისძიებებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები რეგულარურად ახორციელებენ.
« იხ. ყველა ანონსი